Tuesday, June 8, 2010

ყვარელი,ბავშვობა და სიყმაწვილე



კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად
გაზრდილი...“

-ასე მიმართავდა ილია თავის მშობლიურ მხარეს ლექსში: ,,ყვარლის მთებს“.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩე
ნილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები...

ილიას პოეტურ მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდილა კახეთში, ალაზნის პირას გატარებული სიყმაწვილის დაუვიწყარი დღეები და აკი 1859 წელს არტურ ლაისტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაწერა კიდეც უმშვენიერესი ლექსი ,,ალაზანს“, რომლის მსგავსი კახეთზე არც მანამდის და არც შემდეგ დაწერილა:

,,მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,
დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს.
რაც კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე
და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..“

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში - ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, მა უკანასკნელის სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე - დავით ჭავჭავაძე...

ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიით გატაცებული ჭაბუკი ილია თავის დიდ წინამორბედზე 1860 წელს დაწერს:

,,მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება...“

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას - ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

ილია კანონიერად ამაყობდა თავისი წინაპრების პატრიოტული თავდადებით და მამა-პაპათა მიწის ერთგულებით. 1873 წლის 19 ნოემბერს პეტერბურგიდან ილია სწერდა თავის მეუღლეს:

,,მე ვიდრე პეტერბურგში მოვიდოდი, პოლტავაში დამიბარეს ბანკირთან მოსალაპარაკებლად და იქ ექვსი დღე ვიყავი... პოლტავის გუბერნიაში ბევრი ქართველები არიან, უწინდელი გადმოსახლებული და ძალიან მდიდრები-ბარათოვებიც არიან, ორბელიანებიც, მუსხელოვებიც და თითქმის ყველა გვარის კაცი, ჭავჭავაძიანთ გარდა. როგორც ეტყობათ, რომ ჭავჭავაძიანთ უწინაც თავისი ქვეყანა ჰყვარებიათ, რომ თავი არ დაუნებებიათ“.

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს საბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას თავისი პირველი ლექსები, მისი გამდელის სალომე ლოლაძის მოგონებით, რწორედ ყვარლის სახლ-კარისთვის მიუძღვნია: ,,მახსოვს, (ილიამ) ძალიან კარგი ლექსები გამოსთქვა კოშკზე, მარანზეჩ.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესენიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. აქ ჩვენ მოგვიხდება მოვიტანოთ ვრცელი ამონაწერი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიიდან:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს:

,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.“ მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა,ს რულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იკისრა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძემ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

წყარო:wikipedia

No comments:

Post a Comment