Sunday, June 6, 2010

სამშობლოში მოღვაწეობა


ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

წყარო: wikipedia

No comments:

Post a Comment